„ერთი რომ „დაეპოსტა“ ბერას, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე და გაიწვევდით კანონს?!“ – ლევან ხაბეიშვილი
ერთი რომ „დაეპოსტა“ ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ „დაპოსტა“, ვისი აზრი გინდათ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არჩევანი გასაკეთებელია ევროპასა და მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს შორის.
„როგორ მოგეწონათ კადრები, როცა ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად?! რის გამო უსწორდებოდნენ, რომ მათ უნდათ თავისუფლება, მათ უნდათ ევროპა და თუ ნახეთ ის ახალგაზრდა მოწყვეტით რომ დაეცა, სპეცრაზმელი რომ ურტყამდა? თუ ნახეთ კადრები ახალგაზრდებს როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად? რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, ვისაც ასე უსწორდებოდით გუშინ ქუჩებში?
დიახ, თქვენი, „ქართული ოცნების“ მომხრეები დგანან ამ აქციაზე. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრეები დგანან, არცერთი პარტია რომ არ მოსწონს ის ხალხიც დგას, იმიტომ, რომ მათ საკუთარი სამშობლო უყვართ, საკუთარი შვილები, იმიტომ, რომ უნდათ უკეთესი საქართველო. დაიწერებით როგორც რუსებისთვის მხარდამჭერი პარლამენტარები. საქართველოში გადაადგილების შეგრცხვებათ. ატყუებთ ხალხს. აბა, ბერა ივანიშვილმა დაწეროს, ხომ იქნებით ცუციკებივით? რატომ არ გესმით ფეხბურთელების, შოთა არველაძის, ილია თოფურიას, მამარდაშვილის? სანამ დრო გაქვთ აზრზე მოდით! თქვენ დგახართ პუტინის, მედვედევის, ლავროვის, პესკოვის მხარეს და აქეთ დგას ცივილიზებული სამყარო. ვეკითხები ხალხს, ევროპა თუ სოზარ სუბარი, ამათ შორისაა არჩევანი გასაკეთებელი. ევროპა თუ მამუკა მდინარაძე, ევროპა თუ ირაკლი კობახიძე, ევროპა თუ ბიძინა ივანიშვილი, ესაა რეალური არჩევანი. თქვენ ჩადიხართ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს! ყველას გელოდებით 19:00 საათზე რუსთაველზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.