თეგებით ძიება

ხუხაშვილი: „ოლიგარქებზე გაფორმებული რუსული შავი სალარო შესაძლოა, ვიხილოთ საქართველოში“

„ეს არის „რუხ ზონებში“ განთავსებული საეჭვო აქტივების „შეღავათიან ფასებში“ გათეთრების დაკანონება, - ასე ეხმაურება საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სხვადასხვა ოლიგარქზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა, ვიხილოთ საქართველოში.

„დღეს წარმოუდგენელი კანონპროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის - სხვადასხვა ოლიგარქზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.

ეს საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ „აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია - ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული“, - წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ოფშორებიდან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა დაარეგისტრირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა