ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა - როგორია ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო.
„ნაპოლიმ“ დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი სერია A-ს 33-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, „ემპოლის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. გუნდმა ვარჯიში მსუბუქი პროგრამით, მოთელვით დაიწყო, შემდეგ კი ორ ნაწილად გაიყო და პირველ და მეორე მოედნებზე ერთმანეთს ეტაპობრივად ეცვლებოდნენ. სესია მცირეხნიანი მატჩით დაიხურა. დღეს მატიას ოლივეირამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი სესია გასტროენტერიტის გამო გამოტოვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.