თეგებით ძიება

"აკა მორჩილაძის პოზიცია ტიპური რომანტიკულ-ინტელიგენტური კოხტაპრუწობაა" - გია ნოდია

მწერალმა აკა მორჩილაძემ (გიორგი ახვლედიანი) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში არაერთგვარი რეაქცია და კრიტიკა მოყვა.

მათ შორის ერთ-ერთი პოლიტოლოგი გია ნოდიაა, რომელიც "ფეისბუკში" წერს:

"ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ აკა მორჩილაძე და გიო ახვლედიანი. აკა მორჩილაძეს ყველანი ვიცნობთ, მეც და ბევრი სხვაც თავისი თაობის საუკეთესო ქართველ მწერლად თვლის. გიო ახვლედიანს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ერთი ჩვეულებრივი კაცია, თავისი კარგი და ცუდი თვისებებით. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი.

რატომღაც მოველით, რომ რაკი აკა მორჩილაძე კარგი მწერალია, ამიტომ გიო ახვლედიანი ასეთივე კარგი მოქალაქე უნდა იყოს და სწორი (ანუ ჩვენ რომ მოგვწონს, ისეთი) პოზიცია უნდა ჰქონდეს. მეც გამეხარდებოდა, ასე რომ ყოფილიყო. მაგრამ მწერალი და ადამიანი სხვადასხვაა.

მისი ქვაზი-ღრმად-ფილოსოფიური ანალიზი სინამდვილეში ძალიან ბანალური და ზედაპირულია. მთავარი შეცდომა, საიდანაც სხვა ყველაფერი გამომდინარეობს, შეჯამებულია ფრაზაში: ჩვენს ქვეყანაში „ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა.“ თუ ამ ცნებებს აბსოლუტურად გაიგებ, როგორც პლატონურ იდეებს, ცხადია, ეს მართალია. მაგრამ ეს ყველგან მართალია. ნებისმიერი ქვეყანა მომეცით - ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ვინც გინდა, და თავისუფლების, დემოკრატიისა და ლიბერალობის პრინციპებისგან უამრავ უსერიოზულეს გადახრას აღმოვუჩენ. გიო ახვლედიანის პოზიცია ტიპური რომანტიკულ-ინტელიგენტური კოხტაპრუწობაა: მე ვიცი, რა არის იდეალი და ვხედავ, რომ ქვეყანა მას არ შეესაბამება; ის, თუ მაინც რამდენადაა ის დაშორებული ამ იდეალს, წვრილმანი დეტალია, ამ სისულელეებით ჩამისთანა გაქანების ადამიანს ნუ შემაწუხებთ.

მაგრამ დიდი და არსებითი განსხვავებაა, ამერიკაში ცხოვრობ, რუსეთში თუ ირანში (ბოლო ორი ქვეყნიდან გამოქცეულ ხალხს ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ). ასევე დიდი განსხვავებაა, აკა მორჩილაძე ისეთ ქვეყანაში იცხოვრებს, სადაც შეუძლია მშვიდად წეროს და თუნდაც ასეთი წერილები აქვეყნოს, თუ მას ამ ნაწერებისთვის დახვრეტენ, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ან ტიციან ტაბიძე დახვრიტეს. დღევანდელ საქართველოსა და დღევანდელ რუსეთს შორისაც ჯერჯერობით საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა, თუმცა ხვალ შეიძლება ის წაიშალოს. ამიტომ ღირს, ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

როგორც ჩანს, გიო ახვლედიანს პირველ რიგში მშვიდი და კომფორტული ცხოვრება უნდა. ამისთვის ვერ განვსჯი. ეს წერილი სხვა არაფერია, თუ არა ამ სურვილის რაციონალიზაცია. ვითომ ღრმა და სინამდვილეში მეჩხერი ფილოსოფოსობა (თურმე, საბჭოთა კავშირის სულიერი მემკვიდრეობა მოგვდევს! ნუთუ ეს ასეა?) სხვა არაფერია, თუ არა ამ სურვილის შეფუთვა.

გაცილებით ჯობდა, ღიად ეთქვა: მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვწერო, ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ხოდა გამანებეთ თავი. მაგრამ არ გამოდის ამის პირდაპირ თქმა, უნდა ჩახლართო." - ასე აფასებს გია ნოდია აკა მორჩილაძის წერილს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა