გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების შესაცვლელად სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა. იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი - სუს-ი
საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს ეხება და პარლამენტში უკვე შევიდა.
სუს-ის განმარტებით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები.
სუს-ის ცნობით, ასევე იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი.
„შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რასაც იგი აქტიურად იყენებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის საწარმოებლად, 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა. აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები, მათ შორის, იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში.
აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებდა ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანებას, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე განმარტავს, რომ საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მცდელობები საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიმართულებით.
„საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების და ადრეულ ეტაპზე მათი პრევენციის მიმართულებით. ხორციელდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანების და მიზნების დადგენა. სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება, ეფექტიანად იქნა გამოყენებული დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული სუბიექტების ქვეყანაში არშემოშვებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემზღუდავი მექანიზმები. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული ახალი მეთოდების და საშუალებების პირობებში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. შედეგად, რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისისა და გაზრდილი გამოწვევების ფონზე, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა შეძლო ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.