თუ გამოვედი და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო? - ზურა ყიფშიძე
„ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანების ნაწილი მას „რუსულ კანონად“ მოიხსენიებს, ნაწილი კი თვლის, რომ კანონი გამჭვირვალობისთვის აუცილებელია და მას რუსულთან საერთო არაფერი აქვს.
აღნიშნულ თემაზე განცხადებებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აფიქსირებენ. საკუთარი პოზიცია მსახიობების ნაწილმა სცენიდანაც დააფიქსირა და თქვა – „არა რუსულ კანონს“.
მსახიობმა ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“.
„თუ რამე გინდა ვინმეს გააგებინო, საქმით უნდა გააგებინო და თუ გამოვედი სპექტაკლის მერე და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო?… თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“, – აცხადებს ზურა ყიფშიძე.