თეგებით ძიება

ყველაზე დიდი მიტინგები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქართველოს თანამედროვე ისტორია მდიდარია მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებით. საპროტესტო აქციებზე ადამიანთა რაოდენობა ყოველთვის მანიპულაციების საგანია. ზოგადად შეუძლებელია ზუსტი ციფრის დასახელება თუ რამდენი ადამიანი იყო მიტინგზე, თუმცა წარმოგიდგენთ ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციების სიას:

1. "ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია თავისუფლების მოედანზე

2012 წლის 29 სექტემბერს, კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი მიტინგი გაიმართა თავისუფლების მოედანზე. ორგანიზატორთა განცხადებით მას 100,000-დან 200,000-მდე ადამიანი ესწრებოდა, ხელისუფლების მტკიცებით კი 40,000. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე დიდი შეკრება იყო ქართული პოლიტიკის ისტორიაში, რომელშიც საშუალოდ 80,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

2. იპოდრომის მიტინგი სააკაშვილის წინააღმდეგ

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2008 წლის 20 იანვარს მოწყობილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ. ოპოზიციამ დიდი მსვლელობა მოაწყო 13 იანვარსაც. ამ დღეს იპოდრომზე საშუალოდ 70,000-მდე ადამიანი იდგა. 

3. აქცია "შინ ევროპისკენ!"

2022 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 წლის თავზე, სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების მიმართ ევროინტეგრაციის პოლიტიკის გაძლიერების მოწოდებით დემონსტრაცია: შინ ევროპისკენ! გამართა. მონაწილეთა რიცხვი 60,000-ს აჭარბებდა.

4. უცნობის აქცია დინამოს სტადიონზე

2009 წლის 26 მაისს, დინამოს სტადიონი ოპოზიციის მხარდამჭერებით გაივსო. მომიტინგეები სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. მიტინგი მსვლელობით სამებაშიც მივიდა, სადაც პატრიარქისგან მკაფიო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 60,000 იყო.

5. აქცია "არა რუსულ კანონს!"

2024 წლის 17 აპრილს, სამოქალაქო საზოგადოებამ და სტუდენტებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ რეინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. 15-16 აპრილს რუსთაველზე 20,000-მდე ადამიანი გამოვიდა, ხოლო 17 აპრილს დემონსტრანტთა რიცხვმა პიკს მიაღწია და დაახლოებით 50,000 შეადგინა.

6. ეროვნული საბჭოს მიტინგი რუსთაველზე

2007 წლის 2 ნოემბერს, ეროვნულ საბჭოში გაერთიანებული ოპოზციურმა პარტიებმა თბილისში ფართომასშტაბიანი მიტინგი მოაწყეს. რამდენიმე კვირიანი რეგინალური კამპანიის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ 50,000 ადამიანი შეიკრიბა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

7. 2009 წლის 9 აპრილის მიტინგი

2009 წლის 9 აპრილს გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთი მასშტაბური ანტი-სამთავრობო აქცია გამართა, რომლის შემდეგაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ქალაქში კარვები გაშალა. აქციაზე 50,000-მდე ადამიანი გამოვიდა.

8. 8 მარტის აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ

2023 წლის 7-9 მარტს გამართული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, ე.წ. რუსული კანონის პირველად შემოტანისას. პროცესები პოლიციასა და დემონსტრანტთა შორის შეტაკებებში გადაიზარდა. 8 მარტს რუსთაველზე დაახლოებით 40,000 ადამიანმა მოიყარა თავი.

9. ვარდების რევოლუცია

2003 წლის ნოემბერში, არჩევნების გაყალბების შემდეგ, ოპოზიციამ საპროტესტო ტალღა ააგორა. ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე 8 და 14 ნოემბერს. 22 ნოემბერს კი რეგიონებიდან ხალხის ნაკადი შეუერთდა პროტესტს. 35,000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო წინააღმდეგობის გარეშე დაეკავებინა პარლამენტის შენობა. შევარდნაძის ხელისუფლება დასრულდა.

10. "ქართული ოცნების" პირველი აქცია

2012 წლის 27 მაისს, ახლად დაფუძნებული კოალიცია "ქართული ოცნების" პირველი აქცია გაიმართა თავისუფლების მოედანზე, რომელშიც 35,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა