7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე - არჩილ თალაკვაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვიეს ინტერპელაციით ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე სასაუბროდ და ქალების საკითხი გამოიყენეს ამ იაფფასიანი პერფომანსის მოსაწყობად. ეს ყველაფერი რეალურად გამოხატავს, რისთვის სჭირდებათ ქალებიც, ბავშვებიც, ხანდაზმული ჩვენი მოქალაქეებიც რადიკალურ ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ეს ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც ქალებსაც, ბავშვებსაც, ხანდაზმულ ჩვენს მოქალაქეებსაც და ეროვნულ ინტერესებსაც იყენებს ერთადერთი პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორმე ამ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანონ".
„მე მომზადებული ვიყავი ამ თემაზე სასაუბროდ, მაგრამ არ გამოჩნდება ადეკვატურად, მთელი ჩემი გამოსვლა მივუძღვნა თემას, რომელზეც სივრცე არ დატოვა ოპოზიციამ სალაპარაკოდ. დავიწყებ იმით, ვინ გვესაუბრება, 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით. არის კადრები, რომ საცხოვრებელ კორპუსებში მეორე და მესამე სართულზე მოქალაქეებს ესროდნენ გაზის ტყვიებს, მათ შორის ქალებსაც. გაუსწორდნენ საქართველოს ომბუდსმენს, რომელიც მონიტორინგს უწევდა აქციებს. როგორ დაარბიეს ადამიანები, როგორც ომბუდსმენის თანამშრომელს, თვითონ კლინიკებში მაქვს ნანახი, რა ჭრილობები და რა დაზიანებები ჰქონდათ მიღებული ადამიანებს, გარდა იმისა, რაც მოქალაქეებმა საჯაროდ ნახეს. ესენი დღეს აქ გამოდიან და თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს საზოგადოებას ელაპარაკონ ძალის გადამეტებაზე.
აქ გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო, ხომ გესმოდათ ყველას. მინდა, მას ვკითხო, თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვისთან გაქვს კოალიცია და ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. ანაკლიაში მოკლული რამდენიმე ადამიანის საქმე გამოვიძიეთ ჩვენი ხელისუფლების დროს, როგორ ჩაყარეს ადამიანები, გაიყვანეს ნავით, რომ არ ეპოვა გამოძიებას მტკიცებულებები. ამათ გვერდით დგახარ პირადად დღეს შენ და თავს უფლებას აძლევ, გამოდიხარ ამ ტრიბუნიდან და ჩვენ გვმოძღვრავ, რომ გამართლება არ აქვს ადამიანების დევნასო. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი და რა გამართლებას პოულობ, რომ დგახარ ამ ადამიანების გვერდით და პოლიტიკური კოალიცია გაქვს დღეს პირდაპირ შეკრული.
ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა ხმამაღლა, თან გვეცინებოდა, მაგრამ თან შეუძლებელია ამ ადამიანის პათეტიკის მოსმენა, როგორ ლაპარაკობდა და თან ვინ ლაპარაკობდა, ამას აქვს მნიშვნელობა ხომ?! მინდა, მივმართო სხდომის თავმჯდომარეს, მზად ვარ, ჩემი დროიდან ერთი წუთი დავუთმო ლევან ხაბეიშვილს, აქ ბატონ გომელაურს რომ ესხმოდა თავს უტიფრად, გამოვიდეს და რასაც დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობდა 2016 წელს ეთერში, რომ ეს არის კორუმპირებული, ბიუჯეტის ფული აქვს მოპარულიო და მოსყიდული ჰყავს ოპოზიციის წევრებიო, თუ გაბედავს და რამე ღირსება შერჩენია, გამოვიდეს ამ ტრიბუნასთან და გაიმეოროს ის სიტყვები. დღეს ვისთან ერთად არის, ვინ გაფინანსებთ, გეხმარებათ და ვინ გითხრათ პირდაპირ ეთერში, რომ თქვენი პარტიების და თქვენი ტელევიზიების დამფინანსებელია, მთელმა საზოგადოებამ იცის, მაგრამ არ გაქვს მაგხელა შნო და არ გაქვს მაგხელა ვაჟკაცობა, რომ ეგ სიტყვები გაიმეორო. მაგის გაფიქრებაც კი აკრძალული გაქვს შენ, არა მხოლოდ სიტყვების გამეორება. მე მინდა გიპასუხოთ, იაფფასიანი პოპულისტი ხართ, რა კანონები განიხილეთო, ერთი ხალხთან დაკავშირებითო, ასე რომ ლაპარაკობდი იქედნურად. გუშინ სხდომა რომ გააცდინე, გუშინ განვიხილეთ ბოლო ასეთი კანონი, რომელიც 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს შეეხო და დავალიანებები გაუნულდა სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც ვერ იხდიდა და რომლის გამოც, ეკონომიკაში ეს ადამიანები და მათი საკუთრება ვერ მონაწილეობდა. ერთ-ერთი ბოლო ეს იყო, მაგრამ როგორც ყველა სხდომას აცდენ და პასუხების მოსმენა არ შეგიძლია, ასე იყო გუშინ, ამიტომ არ იცი, რა განიხილება ამ პარლამენტში, მათ შორის, ამ კვირაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.