პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა
საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, საკონსულოს შენობაში შესულ მამაკაცს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცავებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა დაკავებული.
ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციას. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ქალაქ ისპაჰანში აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც, წყაროების ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდებოდა. თეირანმა თავდასხმა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებებს არ გეგმავს. Reuters-ი წერს, რომ ეს პასუხი, სავარაუდოდ, მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.