გრიგორიადისი პირველი შემთხვევა არ არის. პოლიციელის მკვლელი, რომელმაც 3-4 წელი მოიხადა, 12 წელი ჰქონდა მისჯილი, ისიც შეიწყალა, გამოუშვა - გომელაური პრეზიდენტზე
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას გამოეხმაურა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია.
„რამდენიმე პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს, ანუ ესროლეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რაც არის ძალიან ცუდი. მე ვთხოვე ჩემს თანამშრომელს, მოეძიებინა, თუ არის სადმე, რომ პოლიციელი, ან დაჭრა, ან რამე თავდასხმა მოახდინო და რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს წახალისებაა და არასწორია. პოლიციელზე თავდამსხმელი, მით უმეტეს ასეთი აშკარა, რომელიც ამბობს, კი, მე ვესროლე და ძალიანაც კარგი ვქენიო, შეიწყალო, გამოუშვა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე ხნის წინ იყო პოლიციელის მკვლელი, რომელიც იყო დაკავებული დაახლოებით 3-4 წელი მოიხადა, კიდევ უნდა მჯდარიყო, თუ არ ვცდები 12 წელი ჰქონდა მისჯილი, ისიც შეიწყალა, გამოუშვა. ეს სრულიად მიუღებელია ჩემთვის. არა მარტო პოლიციელის მკვლელის გამოშვება, არამედ მკვლელის შეწყალება ნამდვილად მიუღებელია. არა მარტო ეს, არამედ იყო ბევრი, იგივე ნარკომოვაჭრეების თემა. სიმართლე გითხრათ, დიდად არც გამკვირვებია", - განაცხადა გომელაურმა.