ვინც ტრადიციას და ეკლესიას შეეხება, ცხვირ-პირს დაილეწავს - გურამ მაჭარაშვილი
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა ქართული და ევროპული ღირებულებაა.
მისი თქმით „ქართული საზოგადოება 29 აპრილს კის ეტყვის გამჭვირვალობას, სარწმუნოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არას გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას”.
„სხვათა შორის, 33 წლის წინ, 9 აპრილს, საზოგადოება დამოუკიდებლობას „მამაო ჩვენოს” ფონზე ითხოვდა და დღეს “შარვალჩახდილი გირჩი” კადრულობს და 100 ათასს მოწამეს შეურაცხყოფას აყენებს. ქართული საზოგადოება სწორედ ამას ეტყვის უარს და სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ჭინკებს. რაც შეეხება უგულავას, “ნაციონალური მოძრაობაა” უგულავა, „შარვალჩახდილი გირჩი” და ა.შ. ეს ის პოლიტიკური მაჯლაჯუნები არიან, რომლებსაც საზოგადოება თავის ადგილს ოქტომბერში კიდევ ერთხელ მიუჩენს.
ვინც ტრადიციასა და ეკლესიას შეეხება, ცხვირ-პირს დაილეწავს. მათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენენ. ეს ადამიანები წმინდანებსა და ათასობით ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს. აღნიშნული შეკრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება.