თეგებით ძიება

"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს

პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება და დროა საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით დადგნენ:

"ჩვენ კარგად ვიცით პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეების მიმართ, რათა თქვენ თავისუფლად არ დააფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ".

განცხადება: "სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია და თქვენი [საჯარო მოხელეების] ადგილი არა ამ რუსული სისტემის, არამედ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გვერდით, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზეა.

ჩვენ გვჯერა მოქნილი, მცირე, ეფექტიანი, მაღალპროფესიული და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის. ჩვენ გვჯერა პროფესიონალი, კარიერული საჯარო მოხელეების და ვაფასებთ მათ წვლილს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციაში.

ვდებთ პირობას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიბრძოლებთ, რომ ბაღის აღმზრდელებს, სკოლის მასწავლებლებს, უბნის ინსპექტორებს, სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, აღარასდროს მოუწიოთ მმართველი ძალის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების გამოძალვა.

კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები აღარასდროს გახდნენ პროპაგანდის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. აღარასდროს მოგიწიოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელმძღვანელობის მითითებით, გააზიაროთ და დააკომენტაროთ მთავრობისთვის სასურველი შინაარსები სოციალურ ქსელებში".

პარტიები აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურში მიღება და კარიერული დაწინაურება უნდა ეფუძნებოდეს კომპეტენციას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და არა "მმართველი ძალის პოლიტიკურ ერთგულებას".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა