სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
2024 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
ამასთან, ომბუდსმენის ოფისი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე.
„ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის 1-ელ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად, 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას ამზადებს ასევე, ვენეციის კომისია.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა“,- ნათქვამია განცხადებაში.