თეგებით ძიება

საქართველოს მომავალი ევროპაშია - პროფკავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსული კანონის წინააღმდეგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შინაარსი მიუღებელია. ამასთან, განცხადებაში საუბარია დასავლეთისგან მიღებული დახმარების აუცილებლობაზე და ამ დაფინანსების შედეგად განხორციელებულ საქმეებზე.

„აღსანიშნია, რომ მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს მივაწოდეთ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების, ქალთა უფლებების, სხვა სოციალური თუ ეკონომიკური უფლებების შესახებ.

სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე, შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. ეს მაშინ, როდესაც ადამიანები სამუშაო ადგილებზე მასიურად იღუპებოდნენ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზეც სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს.

შემუშავდა საპენსიო კანონმდებლობის ალტერნატიული ვერსია, საიდანაც მოქმედ კანონში პენსიის შესახებ გათვალისწინებულ იქნა პენსიონერებისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე კომპონენტი.

პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, ცნობიერების ამაღლების კამპანიის საწარმოებლად. ეს პროცესი დღესაც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. თითოეული ეს ქმედება კი ემსახურება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რაც პროფკავშირების გაერთიანებას უცხოური დონორების დახმარებით ქვეყანაში განუხორციელებია. მიზანი და ამოსავალი კი ყოველთვის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და არიან.

ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია”, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა