ბათუმში დააკავეს 2 პირი, რომლებმაც კაფეს სტუმრებს 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.