თეგებით ძიება

"გამოსავალი არის ერთადერთი: მოღალატე, და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი ხელისუფლების შეცვლა" - ზურაბიშვილი

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვარ ჩართული ქართულ პოლიტიკაში. პირველ საპროტესტო აქციაზე 1978 წლის 14 აპრილს ვიყავი და იმის მერე მგონი არცერთს არ გამოვკლებივარ. ორჯერ ვიყავი ხელისუფლებაში,

 და ორჯერვე წავედი ოპოზიციაში, პარლამენტის წევრიც ვიყავი, მთავრობის წევრიც და საკრებულოშიც გახლდით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში მიმიღია მონაწილეობა და ერთი-ორი სახელმწიფო საიდუმლოებაც კი ვიცი. მოკლედ, შორიდან არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკას და  ბევრი სიცრუის და ცილისწამების, ორპირობის და უპირობის, ძალადობის და ჩაგვრის, უტიფრიბისა და თავხედობის მოწმეც ვყოფილვარ,  მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ  რასაც ახლა ვუყურებ რუსულ კანონთან დაკავშირებით, მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს და არც გამიგონია.

სულ მეგონა, რომ ორუელის 1984-ის ლოზუნგები "სიმართლე სიცრუეა", "ომი მშვიდობაა", "უვიცობა ძალაა" და ა. შ. ცოტა ზედმეტად უტრირებული და გადაჭარბებულია, მაგრამ თურმე სადა ხარ? გამოდიან ტიპები და წარბშეუხრელად გვიმტკიცებენ, რომ დასავლური ინსტიტუციებისთვის დედისტრაკის გინება არის ევროპისკენ ღირსეული სვლა, ევროკავშირისგან დისტანცირება მასთან დაახლოება, მასმედიისა და სამოქალაქო სექტორის აგენტურად გამოცხადება გამჭვირვალობა, პუტინისტური რუსეთის მოთხოვნის შესრულება სუვერენიტეტის დაცვა, პატრიოტი და თავისუფალი ახალგაზრდობა დატრენინგებული  სატანისტების ხროვა, ორმოცდაათი ათასი უდრის ცხრაათასხუთასს და ა. შ.

პლუს ამ გაუგონარ უკუღმართობებს უწყვეტი რეჟიმით გვაწვდიან სახელისუფლო ტელევიზიები, სააგენტოები, ტროლები, ბოტები და თავად ოფიციალური პირებიც მოარულ ბოტებად არიან ქცეულები. ასეთი გულისამრევი პროპაგანდა, რომელიც რეალობის გადაბრუნებული ვარიანტს გვახვევს ყველას თავზე, მე მართალი გითხრათ, არ მახსოვს.  რას არ მოვსწრებივარ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, მაგრამ ასეთი კოშმარი  სიზმრადაც არ მომლანდებია. გებელსი რომ ცოცხალი იყოს, შურისგან გასკდებოდა.

რა შეიძლება ამას ეშველოს? გამოსავალი არის ერთადერთი: მოღალატე, და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი ხელისუფლების შეცვლა. ამისთვის ყველამ, ვისთვისაც კი საქართველოს ევროპული მომავალი ძვირფასია, გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი  სიმპატია-ანტიპატიები, სხვადასხვა საკითხზე უთანხმოებები და მოვახდინოთ კონცენტრირება ამ ერთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანაზე. ყველა ერის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტები და ახლა ჩვენ სწორედ ასეთი მომენტის წინაშე ვართ: მინდინარე წელს ჩვენ ან შევცვლით ხელისუფლებას  და წავალთ ევროკავშირისკენ, ან ვერ შევცვლით და გადავიქცევით რუსეთის უკანა ეზოდ, რომელიც ბიძინას პირად ბაღჩა-ბოსტანის ფუნქციასაც შეითავსებს  სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის და ამ ეგზისტენციური საფრთხის ფონზე ვინც ნაცების შიშით ისევ ოცნებას ებღაუჭება,  უნდა იცოდეს, რომ ისიც დიდი ეროვნული ღალატის თანამონაწილეა.

ცოტა გრძლად და პათეტიკურად კი გამომივიდა, მაგრამ ნამეტანი დიდი დოზით მივიღე სახელისუფლო დემაგოგია ამ დღეებში და, როგორც იტყვიან, ამომასხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა