მაკრონმა მომდევნო 10 წელიწადში მილიარდი ხის დარგვის პირობა დადო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომდევნო 10 წელიწადში ერთი მილიარდი ხის დარგვის პირობა დადო. გარემოსდამცველები კი აცხადებენ, რომ ეს პროგრამა დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება. ამის შესახებ „ევრაქტივი“ წერს.
ემანუელ მაკრონის გეგმის თანახმად, საფრანგეთში არსებობს 1,5-1,7 ჰექტრის ფართობის ტყის მასივი, რომელიც განახლებას დაექვემდებარება.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ამ დრომდე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით უკვე დარგეს 67 მილიონზე მეტი ხე. სახელმწიფო და კერძო სატყეო მეურნეობები პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 250 მილიონ ევროს მიიღებენ.
თუმცა, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის გეგმა შესაძლოა, არ იყოს ქმედითი, რადგან კომერციული მიზნებით გამოყვანილი ხეების გავლენა კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებაზე კომპლექსურია.
მათი თქმით, ისეთი კომერციული პრაქტიკა, რა დროსაც ერთი და იმავე სახეობის ხის დარგვა ხდება და ამავე ტერიტორიაზე სხვა ხეები იჩეხება, ბიომრავალფეროვნებაზე ცუდ გავლენას ახდენს.
საპასუხოდ, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხეების გაჩეხა პარაზიტების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხდება და მათ ნაცვლად დაირგვება იმ სახეობის ხეები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან უფრო ადვილად ადაპტირდებიან.