ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავენ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით აწყობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის მიზანიც მოსახლეობისთვის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და საინფორმაციო აქტივობები როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლებისთვის.
„ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველ წელს, აპრილის ბოლოს აღინიშნება. ამ კვირეულის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული აქტივობების გაშუქებას. COVID-19 პანდემიამ საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროზე იქონია ზეგავლენა, მათ შორის ბავშვთა რუტინულ იმუნიზაციაზეც. WHO და UNICEF-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დროს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა რუტინული ვაქცინების ერთი ან მეტი დოზა. ამგვარ კლებას, შესაძლოა, მოჰყვეს ისეთი დაავადებების გავრცელება, რომლის კონტროლი შესაძლებელია ვაქცინაციით. მაგალითად, 2023 წელს, ევროპის 41 ქვეყანაში წითელას 58,000 შემთხვევა გამოვლინდა, ათასობით ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა. მსგავსი აფეთქებების თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ერთად ცდილობს, ხელი შეუწყოს რუტინული იმუნიზაციის პროცესის გაძლიერებას. გარდა სისტემური მხარდაჭერისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მოსახლეობის სწორად ინფორმირებას ენიჭება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.