რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ უსულ მედიაზე დაყრდნობით იმედინიუსი წერს.
„ქრთამის აღება - ეს პუბლიკისთვისაა. ჯერჯერობით სახელმწიფო ღალატზე საჯაროდ საუბარი არ სურთ - ეს დიდი სკანდალია, ვინაიდან საუბარია თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე“, - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
მეორე წყაროს განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა ტიმურ ივანოვის დაკავების ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, „რაც დარწმუნდა, რომ საუბარია სახელმწიფო ღალატზე“, ხოლო კორუფციის გამო ივანოვს „არავინ დააკავებდა“.
„ახლა უნდა გადაწყდეს, როგორ იმოქმედებენ: გაასამართლონ კორუფციის საქმეზე და შემდეგ ციხეში „დაამუშაონ“, თუ გადაუკვალიფიცირონ ბრალი სახელმწიფო ღალატის მუხლით“, - ამბობს გამოცემის წყარო.
ორგანიზაცია „პირველი განყოფილების“ ადვოკატი ევგენი სმირნოვი ასევე აცხადებს, რომ ტიმურ ივანოვის საქმეზე ოპერატიულ სამუშაოს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა, რომელსაც კორუფციის საკითხებზე მუშაობა არ სჩვევია.
მოსკოვის ბასმანის სასამართლოს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.