თეგებით ძიება

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს, - თუმცა ნაკლები ხმით:

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმედგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა.

სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.

რაც შეეხება რეზოლუციის ძირითად ტექსტს, მისი ძირითადი აქცენტები ასეთია:

ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას;

ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;

მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;

ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;

ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;

გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“

იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;

ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება;

ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;

მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;

კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად“.

ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.

საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. საბოლოო, მესამე მოსმენით, კანონის მიღება 17 მაისსაა დაგეგმილი. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა