თეგებით ძიება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ილია დარჩიაშვილი

რა თქმა უნდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან, რაც ეფუძნება კონკრეტულ ვალდებულებებს და საქართველოა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც პირნათლად ასრულებს ამ ვალდებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პრიორიტეტი.

„ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი რეზოლუცია, რომლებიც იყო საფუძველს მოკლებული და რომლებსაც არ ჰქონდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციები ყოფილიყო საქართველოსთან მიმართებაში. პირველ რიგში ეს რეზოლუციები ინიციირებული იყო კონკრეტული, პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან და ეს გამოიყენებოდა, როგორც მექანიზმი ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად. სამწუხაროდ, მორიგ შემთხვევასთან გვაქვს შეხება.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაახლოებოდა ევროპულ ოჯახს და ეს თავად იცის ჩვენმა მოსახლეობამ და თავად იგრძნო ის სარგებელი, რომელიც მოაქვს ევროპულ ინტეგრაციას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან ჩვენ გვაქვს საბოლოო მიზანი და ეს არის ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობა ევროპულ ოჯახში. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს არის ასევე, მორიგი მანიპულაცია და ტყუილი, რომელიც ცირკულირებს დღეს. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, რა თქმა უნდა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან, რაც ეფუძნება კონკრეტულ ვალდებულებებს და საქართველოა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც პირნათლად ასრულებს ამ ვალდებულებებს. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს კონკრეტული ანგარიშები, სადაც ცალსახად ჩანს შეფასებებში, რომ საქართველო პირნათლად, თანმიმდევრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და შესაბამისად, ვერანაირი პოლიტიკური მცდელობა იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ვერ მოიტანს შედეგებს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა