თეგებით ძიება
25. 04. 2024 მსოფლიო

პუტინს არ აქვს იმანუელ კანტის ციტირების უფლება - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის დაბადებიდან 300 წლის იუბილეზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კანტის ციტირება „აუკრძალა“.

ცერემონია ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა. ეს სამეცნიერო დაწესებულება პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის მემკვიდრეა, რომელმაც ცნობილი ფილოსოფოსი თავის წევრად 1786 წელს მიიღო. შოლცმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „მოსაზრებები გერმანელი ფილოსოფოსის, კანტის ტრაქტატზე „მარადიული მშვიდობის შესახებ“ („Zum ewigen Frieden“).

გერმანიის კანცლერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პუტინი კანტს თავის ერთ-ერთ საყვარელ ფილოსოფოსად მიიჩნევს. შოლცმა რუსეთის პრეზიდენტი ფარისევლობისა და გერმანელი ფილოსოფოსის ნაწარმოებების არასწორი ინტერპრეტირებისთვის გააკრიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს არ აქვს უფლება, კანტის ნაშრომები თავისი პოლიტიკის გასამართლებლად მოიშველიოს.

კანცლერის თქმით, თავის ნაშრომში „მუდმივი მშვიდობის შესახებ“ ფილოსოფოსი წერს: „მას, ვისაც თავს დაესხნენ, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“, კანტი ასევე აღნიშნავს, რომ „ჭეშმარიტი მშვიდობა ყოველთვის სცილდება ცეცხლის უბრალო შეწყვეტას და საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებას“.

კანტი ამტკიცებდა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. ამ კონტექსტში, შოლცი ყურადღებას ამახვილებს იმ ნგრევაზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს გამოიწვია. ეს, მისი თქმით, წარმოუდგენელი მასშტაბის განადგურების სურვილზე მიანიშნებს.

პუტინის მიერ კანტის ნაშრომების ციტირებას და მასზე დაყრდნობას, შოლცმა „აბსურდული“ უწოდა და რუსეთის პრეზიდენტის ორი განცხადება გაიხსენა. 2005 წელს მან კალინინგრადის უნივერსიტეტში კანტის მემორიალური დაფა გახსნა და თქვა, რომ გერმანელი ფილოსოფოსი ნებისმიერი საერთაშორისო დავის ომის გზით გადაწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რის გამოც რუსეთი, პუტინის სიტყვების მიხედვით, „ცდილობს, დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ეს დოქტრინა დაიცვას“. 2024 წელს პუტინი კალინინგრადში სტუდენტებს შეხვდა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანტი გამოდიოდა მოწოდებით, გამოეჩინათ გამბედაობა და „საკუთარი ინტერესებით ეხელმძღვანელათ და წარმატებისთვის ამ გზით მიეღწიათ, რაც პარტნიორების ინტერესების პატივისცემასაც გულისხმობს“ და როგორც ხაზგასმით თქვა, რუსეთი სწორედ ამას აკეთებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა