ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა მზის სისტემის სიახლოვეს მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც გიგანტური ვარსკვლავი იყო.
უხილავი მეზობლის მასა (რომელსაც Gaia BH3 უწოდეს) დაახლოებით 33-ჯერ აღემატება მზის მასას. ამ მონაცემებით, ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ყოფილა შესწავლილ ვარსკვლავურ კლასში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უკვე არაერთი ვარსკვლავური შავი ხვრელია აღმოჩენილი, მათგან ყველაზე მასიურიც კი - ახლა უკვე ყოფილი რეკორდსმენია, რადგან სულ ცოტა ერთნახევარჯერ მსუბუქია ახლახან აღმოჩენილზე.
მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ისიც, რომ შავი ხვრელი კოსმოსური სტანდარტებით, დედამიწისგან მხოლოდ 2000 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც ძალიან ახლოს მდებარედ მიიჩნევა.
დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს 1500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს Gaia BH1, რომელიც აღმოაჩინეს სამი წლის წინ Monoceros-ის თანავარსკვლავედში.
"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი მასიური შავი ხვრელი შეიძლება იყოს ჩვენს გვერდით“, - ამბობს პასკუალე პანუცო, პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი.
"ასეთი აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს ადამიანის სამეცნიერო კარიერაში!" - დასძენს ის.
აღმოჩენის დასადასტურებლად ყველა კონტინენტიდან 300-ზე მეტი მეცნიერისგან შექმნილი გუნდი ჩაერთო.
ხილული დიაპაზონის მიღმა მოქმედი სპექტროგრაფების დახმარებით, მეცნიერებმა დაადგინეს BH3-ის მასა.
მსგავსი ობიექტები ადრეც იყო ნაპოვნი, ოღონდ ჩვენი გალაქტიკის გარეთ, რამაც არ მისცა ასტრონომებს შესწავლის საშუალება.
მეცნიერებს ბევრი თეორია აქვთ მსგავსი მასიური შავი ხვრელების წარმოშობის შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი წარმოიქმნება მეტალით ღარიბი ვარსკვლავების დაშლის შედეგად, რომელთა ქიმიურ შემადგენლობაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები თითქმის არ არსებობს.