თეგებით ძიება

19:00 სთ.-ზე პარლამენტთან „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“! - სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ დღეს, სამშაბათს, 30 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ; ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ დემონსტრაციას.

სამშაბათს პარლამენტი პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვას იწყებს.

30 აპრილს გავრცელებულ საერთო განცხადებაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი“.„თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა“, - აცხადებენ ისინი.

არასამთავრობოების სახელით განცხადება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინი დოლიძემ წაიკითხა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ივანიშვილის სიტყვაში „ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა“.

განცხადების თანახმად, „დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს“, რის გამოც აწყობენ მორიგ შეკრებას.

„ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:

შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00 საათზე“.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ თვალს მიადევნებენ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და „ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა