თეგებით ძიება
30. 04. 2024 მსოფლიო

ლიეტუვა მზად არის, უკრაინელი მამაკაცები შინ დააბრუნოს

პოლონეთის ხელისუფლება გეგმავს, შეცვალოს უკრაინის მოქალაქეების დახმარების წესი და მოაგვაროს პოლონეთში მყოფი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ასაკის უკრაინელების საკითხი. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარცინ კერვინსკიმ განაცხადა. პოლონეთში მყოფი უკრაინელებისთვის მოქმედი ამჟამინდელი წესები ძალაშია 1 ივნისამდე. წესების შეცვლის საკითხს პოლონეთის სეიმში განიხილავენ.

პოლონეთის მსგავსად სამხედრო ასაკის უკრაინელებისთვის წესების შეცვლას აპირებს ლიეტუვაც. ამასთან, როგორც ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეველინა გუძინსკაიტემ განაცხადა, უკრაინელების შინ დასაბრუნებლად „უნდა შეიქმნას რაიმე სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, ვინაიდან ის ამჟამად არ არსებობს“.

ამავე დროს, გუძინსკაიტეს თქმით, ვინაიდან უკრაინელთა დროებითი დაცვის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზეა მიღებული, ევროკავშირის დონეზევეა მისაღები გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ კავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მხრიდან მსგავს მოთხოვნაზე.

ლიეტუვაში დროებითი დაცვა მოქმედებს მომავალი წლის 4 მარტამდე. ლიეტუვის ხელისუფლებას უფლება აქვს, ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააუქმოს, თუკი გაჩნდება რაიმე მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ლიეტუვაში მოეპოვებათ იმის ტექნიკური საშუალებები, რომ თვალყური ადევნონ უკრაინიდან ჩასულ მამაკაცებს, მაგრამ მათ თავისუფლად შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა და ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გადასვლა, თქვა გუძინსკაიტემ.

ლიეტუვის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კიასტუტის ბუდრისმა, ლიეტუვის რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ ლიეტუვა მზად არის, უკრაინას დაეხმაროს სამხედრო სამსახურის ასაკის მამაკაცების უკრაინაში დაბრუნებაში, თუკი ის ამის შესახებ სათანადო თხოვნას მიიღებს კიევისგან. მაგრამ, ბუდრისის თქმით, ამ ამოცანის ეფექტიანად შესრულება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა