ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი ცხრა ათასი დოლარით დააჯარიმა
ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცხრა ათასი დოლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპმა დაარღვია საქმის შესახებ საჯარო კომენტარების გაკეთების შეზღუდვა.
წერილობით გადაწყვეტილებაში ხუან მერჩანი, რომელიც პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე სასამართლო პროცესს უძღვება, განაცხადა, რომ ჯარიმის რაოდენობა შეიძლება, არ იყოს საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა მას არ აქვს უფლებამოსილება, უფრო მკაცრი სანქცია დააწესოს.
„ამგვარად, მოპასუხე გაფრთხილებულია, რომ სასამართლო არ მოითმენს მისი კანონიერი განკარგულებების განზრახ დარღვევებს, თუ აუცილებელი და სათანადო იქნება მიმდინარე გარემოებებში, დააწესებს პატიმრობას“, – ნათქვამია მოსამართლის წერილობით განმარტებაში.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარები შეზღუდული ჰქონდა მოწმეების და საქმეში ჩართული სხვა პირების კრიტიკის თავიდან ასაცილებლად.
მოსამართლემ დონალდ ტრამპი დააჯარიმა ათასი დოლარით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თითოეული პოსტისთვის, რომლითაც, მისი თქმით, მოპასუხემ დაარღვია სასამართლოს განკარგულება, არ გაეკრიტიკებინა მოწმეები ან პროცესის სხვა მონაწილეები. პროკურატურამ შესაძლო დარღვევად ტრამპის 10 პოსტი მიიჩნია.
ერთ-ერთ პოსტში დონალდ ტრამპი მის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე უნდა იყოს, „სერიულ მატყუარას“ უწოდებს. ასევე აკრიტიკებდა ნაფიც მსაჯულებს.
მოსამართლემ ასევე ყოფილ პრეზიდენტს დაავალა, თავისი სოციალური ქსელიდან Truth Social-დან და საარჩევნო კამპანიის გვერდიდან წაშალოს აღნიშნული განცხადებები.
დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარის გადახდას და ამ თანხის სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გაფორმებას ედავებიან. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამგვარად მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება. ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ დევნად აფასებს.