თეგებით ძიება
01. 05. 2024 მსოფლიო

მიუსჯიან თუ არა სამუდამო პატიმრობას ყოფილ ჩინოვნიკს - იურისტების პროგნოზები განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმეზე

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია. ახლა, ადვოკატთა პაექრობა იწყება, განაჩენს კი ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

ახლა, მთავარი კითხვაა, რა სასჯელს დააკისრებენ ყოფილ ჩინოვნიკს?!

ადგილობრივმა მედიამ იურისტები გამოკითხა.

იურიდიული  კონსულტაციების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ , ფარიდ ალიევმა კუანდიკ ბიშიმბაევის  სასამართლო პროცესს ეპოქალური მოვლენა უწოდა.

ალიევმა უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა დამამძიმებელი გარემოება ბიშიმბაევის დანაშაულებრივი წარსული. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ნაციონალური ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი გახმაურებული კორუფციული სკანდალის გამო დააკავეს. 2018 წლის მარტის შუა რიცხვებში იგი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში, მითვისებას ან მინდობილი ქონების გაფლანგვაში და  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, პრეზიდენტის ბრძანებულებით (ნურსულთან ნაზარბაევი) 2019 წლის 13 თებერვალს, ბიშიმბაევი შეიწყალეს. მას სასჯელი ოთხ წლამდე შეუმცირდა.

„მან უკვე მოიხადა სასჯელი ამ დანაშაულისთვის, გარდა ამისა, ეს დანაშაული არ იყო ძალადობრივი მუხლით, ის შეწყალებულია და ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.

ჰიპოთეტურად, სისხლის სამართლის ორი დანაშაულის ერთობლიობისთვის, დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, შეიძლება, დაწესდეს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე და ნაფიც მსაჯულები ერთსულოვანი იქნებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილი („მკვლელობა“) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15-დან 20 წლამდე ქონების კონფისკაციით. სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან მის გარეშე(წამება), ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადით 4-დან 7 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.

სასამართლოს შეუძლია, გაითვალისწინოს როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის მინიმალური ზღვარი მისთვის წაყენებული პირველი მუხლისთვის (მკვლელობა), იქ არის კიდევ მეორე მუხლიც – „წამება“.  საუკეთესო შემთხვევაში, მისი დანაშაული  თუ დადასტურდება, მას შეიძლება მიესაჯოს 15 წელი.

გასათვალისწინებელია, რომ მას ასამართლებენ ნაფიცი მსაჯულები. ეს პრაქტიკა ძალიან იშვიათად გამოიყენება, ამიტომ, შეუძლებელია, წინასწარ ვთქვათ, თუ რა სასჯელი იქნება განსაზღვრული. ვიმეორებ, მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, თუ ნაფიცი მსაჯულები იტყვიან რომ დამნაშავეა.

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, როგორც წესი, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გამამართლებელი განაჩენის გამოტანისკენ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და საკმარისად არ არის განვითარებული. ჩვენ არ გვაქვს  მდიდარი, ფართო პრაქტიკა. იმისთვის , რომ ბიშიმბაევს სამუდამო მიესაჯოს, აუცილებელია, სრული ერთსულოვნება მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა მხრიდან. ერთს მაინც თუ შეეპარება ეჭვი, მაშინ ის აღარ მიიღებს სამუდამო პატიმრობას “, - განაცხადა ადვოკატმა.

იურიდიულ კონსულტანტთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, დანა ჟანადილმა არ გამორიცხა, რომ ყოფილ მინისტრს შესაძლოა, მაქსიმალური მსჯავრი - უვადო პატიმრობა მიესაჯოს.

„ჩემი აზრით, ამ პროცესმა გამოავლინა ბევრი პრობლემა, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ოჯახური ძალადობა, განათლებისა და ზოგადად კულტურის დაბალი დონე.

სისხლის სამართლის კოდექსის ინკრიმინირებული მუხლების გათვალისწინებით, კუანდიკ ბიშიმბაევს შესაძლოა, მაქსიმალური - უვადო პატიმრობა დაემუქროს. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ათივე ნაფიცი მსაჯულსა და მოსამართლის ხმა. ხოლო იმისთვის, რომ მას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯოს, საჭიროა 8 ხმა. სამართლიანი განაჩენის გამოსატანად უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის აღმოფხვრა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამგვარად, ახლა 10 ნაფიც მსაჯულზე იქნება დამოკიდებული 31 წლის სალტანატ ნუკენოვას არაადამიანურ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის ბედი.

სასამართლო სხდომა 2 მაისს განახლდება.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა