ძალადობრივი აქცია იყო და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი - კახა კალაძე
ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტთან განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება.
„მოწოდებები იყო, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მომხდარიყო. თუ გავიხსენებთ წინა აქციებს, მიზანმიმართულად ხდებოდა ადამიანების წაქეზება, შემდეგ შეატოვებდნენ პოლიციას პირისპირ, თვითონ გაიპარებოდნენ, მშვიდად ეძინათ სახლში. ჩვენ გუშინ ძალადობრივი ფაქტები ვიხილეთ, ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, განცხადებაც იქნებოდა გაკეთებული.
რაც შეეხება დაშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა უკვე. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება და დასადგენია. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.