თეგებით ძიება

მოვუწოდებთ პოლიციელებს არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს - საია

გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა - მოვუწოდებთ პოლიციელებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში აღნიშნული, რითაც გმირთა მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მათივე განცხადებით, გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის დაშლა საპოლიციო ძალების მიერ, აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ხოლო ამ მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გმირთა მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გასუფთავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გზის გადაკეტვა და სხვა ფიზიკური საშუალებების გამოყენება რომელიც მიმართულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებისკენ, შეკრების თავისუფლების ფარგლებში ექცევა. გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფარგლებს შესაძლოა გასცდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ნორმალური ცხოვრებისა და სხვების მიერ განხორციელებული კანონიერი ქმედებებისთვის ხელის იმგვარ შეშლას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო ადგილას შეკრების უფლების რეალიზების შედეგად გამოწვეულ შეფერხებას. მაშინ, როდესაც დემონსტრაციას ძალადობრივი ხასიათი არ აქვს, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მიმღებლობა დემონსტრაციის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიმართ, რაც შეიძლება, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაში გამოიხატოს.

აქედან გამომდინარე, გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის დაშლა საპოლიციო ძალების მიერ წარმოადგენს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ხოლო ამ მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები - არაპროპორციულ საშუალებას.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არ დაარღვიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების და მანიფესტაციის უფლება; შეწყვიტოს ადმინისტრაციული დაკავებები და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის საშუალება.

მოვუწოდებთ პოლიციელებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა