თეგებით ძიება

მზექალა შანიძე: ეს კანონი ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის, ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც  საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას.

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი ამ კანონპროექტზე.

მეც მიმაჩნია, რომ ეს ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი, რასაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ,“ – უთხრა მზექალა შანიძემ „ნეტგაზეთს“.

აკადემიკოსის თქმით, მრავალ სხვა უარყოფით შედეგთან ერთად ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას.

„ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა და კავკასიური ენებისა და კულტურების ელექტრონული დოკუმენტაციის დაწყება, ვერ განხორციელდებოდა უცხოური ფონდების დაფინანსების გარეშე.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებისათვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის დამზადება და პირველი ქართული ვებგვერდების შექმნაც უცხოურ ორგანიზაციას უკავშირდება – ჯორჯ სოროსის ფონდს, რომლის შევიწროებასა და სახელის გატეხას წარსულშიც ცდილობდნენ და დღესაც იმავეს სჩადიან.

მე იურისტი არა ვარ და ამიტომ გამიჭირდება ე. წ. აგენტების კანონის კონსტიტუციური და იურიდიული თვალსაზრისით განხილვა, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ იგი დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს “ნეტგაზეთთან” მზექალა შანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა