თეგებით ძიება

„ხან ტანსაცმელს ვპოულობთ, ხან მანქანის ნაწილებს...“ - ახალი დეტალები სვანეთიდან, სადაც 2 მოსწავლის ძებნაში დრონებიც ჩაერთო

სვანეთის ტრაგედიის ერთი მსხვერპლი ნაპოვნია - მაშველებმა, უწყვეტი ძებნის მეოთხე დღეს, 16 წლის ეკა ვიბლიანის ცხედარი მდინარე ენგურის შესართავთან იპოვეს. მე-12 კლასის მოსწავლე ბიძამ ამოიცნო.

სპეცაღჭურვილობითა და მძიმე ტექნიკის დახმარებით, მაშველები ახლა ავტომობილში მყოფ კიდევ ორ ახალგაზრდას ეძებენ. არეალი გაფართოვდა, თუმცა მაშველებს, რთულ გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ახლა ამინდიც უშლით ხელს. ამის მიუხედავად, ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მდინარე ნაკრასა და ენგურის ხეობაში ამ დრომდე გრძელდება.

ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, 2 მაისს, გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მანქანა მალევე იპოვეს, თუმცა მოზარდები მასში აღარ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ისინი მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

საძიებო არეალი დღითი დღე იზრდება. მაშველები, მდინარე ნაკრას გარდა, უკვე ენგურთანაც არიან მობილიზებულები. დაკარგული მოსწავლეების ნივთებს თითქმის ყოველდღიურად პოულობენ. ნახულობენ იმ ავტომობილის ნაწილებსაც, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან სოფელში მიდიოდნენ.

სამძებრო სამაშველო ოპერაციას ნაკრას ხეობაში რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ხეობაში წვიმს და ხილვადობა დაბალია. მაშველებთან ერთად, დაკარგულებს დრონითაც ეძებენ.

"მოლოდინზე ვერაფერს გეტყვით - ისეთი სიტუაციაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ხან ტანსაცმელს ვპოულობთ, ხან მანქანის ნაწილებს, სხვადასხვა ადგილებში გვხვდება. მდინარე ძალიან ადიდებულია, სულ უფრო რთულდება ძებნის სამუშაოები“, - ამბობენ მაშველები.

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთის ნათესავები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მაისობის დღესასწაულიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტომობილი გზაზე მოცურდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა