თეგებით ძიება

საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემა და სახელი იცვლება

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის შეცვლას აპირებს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.

კანონის მიღების შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს საპენსიო ფონდი დაერქმევა.

კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო. 

საინვესტიციო საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ კონკურსის შედეგად მტკიცდება, ამჟამად 4 უცხოელი წევრისგანაა (ოლივიე რუსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა) დაკომპლექტებული და სწორედ ის იღებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ახალი საბჭო კი პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან, რადიკალურად მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის, ფაქტობრივად, მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.

საპენსიო ფონდის საბჭოში 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენი წევრები კი ღია კონკურსით შეირჩევა, თუმცა შესარჩევი კომისია, ამჟამად არსებული მოდელისგან განსხვავებით, პირდაპირ მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტდება.

უფრო კონკრეტულად კი, შესარჩევ კომისიაში იქნებიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტებიც და ფონდს პირდაპირ მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებაში ან პირდაპირი კრედიტის გაცემაში.

თუკი ამჟამად არსებულ კანონით, დაბალრისკიანი პორტფელიდან საპენსიო სააგენტოს ინვესტირება შეუძლია მხოლოდ ობლიგაციებში ან აქციებში, ახალი კანონპროექტით ფონდს შეეძლება თანხა მიმართოს პროექტების პირდაპირ ფინანსირებაში, ანუ საკრედიტო დაფინანსების გაცემაში. ახალი კანონპროექტით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15% შეიძლება ჩაიდოს „სხვა აქტივებში”, რაც პროექტების პირდაპირ ფინანსირებას ნიშნავს. იზრდება ანალოგიური ლიმიტი საშუალორისკიანი პორტფელისთვის და ის 15%-ის ნაცვლად 20% ხდება, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის ეს ლიმიტი 25%.

„საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%-მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი,”- ნათქვამია კანონპროექტში.

ამავე კანონპროექტით იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები, რისთვისაც მართვის საკომისიო მატულობს. თუკი არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით, ახალი ცვლილებით, საკომისიო 0.75%-მდე იზრდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა