საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის - ზურაბ ჯაფარიძე
სამწუხაროა, საბოლოოდ, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილი საკუთარ მიზანს აღწევს, - ასე შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიმართვა.
მისი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხელისუფლებამ მიიღოს.
„საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა. ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ეს "რუსული კანონი" მიღებული იქნება, მსგავსი არა მხოლოდ მოწოდებები და განცხადებები, არამედ ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი იქნება. ამის გააზრებით უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ხელი შევუშალოთ იმას, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღონ, ხოლო შემდეგ გავუშვათ "ოცნება" ხელისუფლებიდან",- განაცხადა ჯაფარიძემ.
„მთავარი არხის" ინფორმაციით, 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.
მათივე ცნობით, ღია წერილში ნათქვამია, რომ "რუსული კანონის ინიცირებამ და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი". ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.