თეგებით ძიება

"2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში წამება სისტემური, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვახტანგ მაისაიას საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. სახელმწიფოს მომჩივნისთვის 15 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. საქმე შეეხება 2009–2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაყრდნობით მიუთითა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წელს დააყენა, თუმცა გამოძიება წარიმართა ხარვეზიანად. კერძოდ, „მომჩივანს არ ჰქონდა პროცედურული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში და თვალი ედევნებინა მისი პროგრესისთვის“. გამოძიების პროცესში იყო გაუმართლებელი უმოქმედობის პერიოდები საგამოძიებო უწყების მხრიდან.

ვახტანგ მაისაია 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მომჩივნის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა