,,ექიმმა მითხრა, მთელი ცხოვრება თვალში ლაქა მექნება” - აქციაზე დაშავებული მოქალაქე
1 მაისს, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული მოქალაქე, ნიკა დემურიშვილი ამბობს, რომ მას ბადურა აქვს გაწყვეტილი, რის გამოც თვალში მთელი ცხოვრება ლაქა ექნება. დემურიშვილმა ჭრილობა თვალის არეში მიიღო.
დაზარალებულის თქმით, ის სასამართლოში საჩივარსაც შეიტანს.
“ექიმთან გადამოწმებაზე ვიყავი და მითხრეს, რომ ბადურა მაქვს გაწყვეტილი და ქირურგიული ჩარევის გარეშე რომც აღდგეს [მხედველობა], მთელი ცხოვრება თვალში მექნება ლაქა, რომელსაც უნდა ვუყურო.
ზუსტად ამან გადამაწყვეტინა, რომ საჩივარი შევიტანო. არ მინდა, მთელი ცხოვრება ლაქას ვუყურებდე იმის გამო, რომ რუსეთში ყოფნა არ მსურს […] მინდა, პირველ რიგში ისინი დაისაჯონ, ვინც სროლის ბრძანება გასცა და ვინც უშუალოდ რეზინის ტყვიები ისროლა. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, მაგრამ მინდა”. – თქვა დემურიშვილმა TV პირველთან საუბარში.
ნიკა დემურიშვილმა ის მომენტიც გაიხსენა, როცა აქციაზე თვალის არეში დაიჭრა.
“1 მაისს, აქციაზე, სხვა მოქალაქეების დასახმარებლად, იმ სივრცეში შევდიოდი და გამოვდიოდი, სადაც ცრემლსადენი გაზი იყო გაშვებული. მესამედ რომ შევედი, იმ მომენტში მომხვდა თვალში – 99%-ით ვიცი, რომ ეს რეზინის ტყვია იყო, რადგან პირდაპირ სახეში მომხვდა […] რეზინის ტყვიები რომ გამოიყენეს, ამაზე დავა სისულელე მგონია”. – ამბობს დემურიშვილი.