ჩინეთმა პუტინს პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაცია მიულოცა
ჩინეთმა ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაცია მიულოცა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლი ძიანმა დღეს, 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სი ძინფინგმა პუტინს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისალოცი წერილი უკვე გაუგზავნა და დასძინა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ორი ლიდერის ხელმძღვანელობით სიჯანსაღეს ინარჩუნებს.
"ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო დიპლომატიის მეთაურის სტრატეგიულ წამყვან როლს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში. ორი სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო ურთიერთობებს, რათა უზრუნველყონ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება". - თქვა მან.
ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის მეხუთე ცერემონია გუშინ, 7 მაისს გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ პუტინმა ადგილზე მოსულ მაღალჩინოსნებსა და მოსახლეობის მოკლე სიტყვით მიმართა.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ცერემონიას არ ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის წარმომადგენლები.