ერთი დღე ილოცეს, მეორე დღეს ისევ პატრიარქის გინებაში იყვნენ - ეს არის ფარისევლობა - კახა კალაძე
აქციები შენიღბულია ვითომ ახალგაზრდების აქციებად. ნახეთ ვინ დგას ამ ადამიანების უკან. შეხედეთ იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რომლებიც იმ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ წევრებს წარმოადგენენ, რომელიც რადიკალიზმით არის გაჯერებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყველაფერს აკეთებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდებით. ის დადგმული სპექტაკლები, რომ თითქოს ვიღაც ქორწინდება აქციაზე, ეს ყველაფერი გაწერილი არის აკერმანის სახელმძღვანელოში, მანიფესტაციების დროს როგორ უნდა მოიქცნენ და შიგა და შიგ როგორ უნდა მიეცეს აღნიშნულ აქციას მშვიდობიანი ხასიათი,
ვნახეთ აღდგომის საღამოს ლოცვა, გალობა და თან ვისგან?! ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ჩვენი სარწმუნოების, პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ერთი დღე ილოცეს, მეორე დღეს ისევ პატრიარქის გინებაში იყვნენ. ეს არის ის ფარისევლობა. მცდელობა არის, რომ აღნიშნული აქციები შეიფუთოს დემოკრატიულად, ვითომ ახალგაზრდების აქციად, რეალურად ეს არის ძალადობრივი აქცია და ამის უკან დგას კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
არავის მივცემთ შესაძლებლობას დაპირისპირების, რევოლუციის. ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.