თუ დაგვჭირდება, ჩვენი ფრჩხილებით ვიბრძოლებთ – ნეთანიაჰუ
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნათქვამის ფონზე, რომ რაფაში შესვლის შემთხვევაში ისრაელს ოპერაციისთვის შეიარაღებას არ მიაწვდიან, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ ისრაელს „მარტო დგომა მოუწევს, მარტო იდგებიან“.
"დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერები ვართ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და გაერთიანებულები ვართ, რომ ჩვენი მტრები და ისინი, ვისაც ჩვენი განადგურება სურს, დავამარცხოთ... თუ დაგვჭირდება, ჩვენი ფრჩხილებით ვიბრძოლებთ, მაგრამ ფრჩხილებზე გაცილებით უფრო მეტიც გვაქვს". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ბაიდენის განცხადების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ისრაელის სამხედროებს დაგეგმილი მისიებისთვის საკმარისი აღჭურვილობა აქვს.
„IDF-ს აქვს შეიარაღება იმ მისიებისთვის, რომლებსაც გეგმავს, მათ შორის მისიებისთვის რაფაში. ჩვენ გვაქვს ის, რაც გვჭირდება“. - თქვა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.
ჰაგარიმ ორ სახელმწიფოს სამხედროებს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ IDF-ის სამხედრო შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი აშშ-ს ცენტრალური სარდლობის უფროსთან, გენერალ მაიკლ ერიკ კურილასთან რეგულარულად საუბრობს.
„მაშინაც, როცა ჩვენს შორის გაუგებრობებია, მათ დახურული კარის მიღმა ვაგვარებთ. ისრაელს აქვს უსაფრთხოების ინტერესები, მაგრამ ასევე ვაცნობიერებთ აშშ-ს ინტერესებს და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“. - თქვა ჰაგარიმ.
მანამდე, 8 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელს არ მიაწოდებს იმ საბრძოლო მასალებს, რომელთა გამოყენებასაც ისრაელი რაფაში სამხედრო ოპერაციაში შეძლებს.
CNN-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ისრაელის თავდაცვის მიმართ ერთგულია და გააგრძელებს თავდაცვითი საბრძოლო მასალების, მათ შორის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტების, მიწოდებას. თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ თუკი ისრაელი რაფაში შევა, აშშ უარს იტყვის იმ შეიარაღებისა და ჭურვების მიწოდებაზე, რომლებსაც ისრაელი რაფაში გამოიყენებს.