თეგებით ძიება

ბოლო 48 საათში საქართველო აღარ არ არის ქვეყანა, რაც 2 დღის წინ იყო. რეჟიმი კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე გადავიდა - აკა ზარქუა

ანალიტიკოსი აკა ზარქუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს:

ვითარება მკვეთრად გაუარესდა, ბოლო 48 საათში საქართველო აღარ არ არის ქვეყანა, რაც 2 დღის წინ იყო. რეჟიმი კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც დასაშვები იყო მანამდე დღეს დაუშვებელია და პირიქით, რაც შეუძლებლად მოსჩანდა, დღეს ეს რეალობად იქცა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი ადამიანი დგას და 29 აპრილის “ისტორიული” სიტყვის შემდეგ მთელი ქვეყანა ცდილობს გამოიცნოს რა დევს ბიძინა ივანიშვილის თავში რა ლოგიკა მართავს მას. 

ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მართავს კონსპირაციების თეორიებში ჩაფლული, პარანოიდი, რომლის საინფორმაციო დიეტაც მდარე ხარისხის მეორადი კვაზი-მეცნიერული წყაროებისგან შედგება. 

შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი წიგნისა “შეთქმულების რუსული კულტურა - კონსპიროლიგიური შეთქმულებები პოსტ-საბჭოთა სივრცეში”, ილია იაბლოკოვის მიხედვით, კონსპიროლოგია ეს არის აზროვნება მინუს ნიშნით. ეს პროცესი გამოიყურება რაციონალურად იმიტირებს აზროვნებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევას, სინამდვილეში კი რაციონალურობის უარყოფაა. 

ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე ველური შეთქმულების თეორიის საფუძველი ყოველთვის ერთნაირია: 

1. არსებობს საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების საიდუმლო მიზეზები - ასე მაგალითად, უკრაინაში ომი რუსეთის თავდასხმით კი არ დაიწყო, არამედ ფარული გლობალური/დასავლური გეგმის ნაწილია, რუსეთის დასასუსტებლად. ან ვარდების რევოლუცია საქართველოში იმიტომ კი არ მოხდა, რომ კორუფციით და სიღარიბით დაღლილ მოსახლეობას ნორმალური ცხოვრება სურდა, არამედ ეს კვლავ ფარული და ძლევამოსილი სტრუქტურების (მასონები, სოროსი, ბილდენბურგის კლუბი) მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული მოვლენა იყო, საქართველოსთვის “აგენტების” მმართველობის თავს მოსახვევად

2. არსებობს ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც ფარულად მართავენ დიდ მასებს - ასე მაგალითად, “გლობალური ომის პარტია”, ან “კოლექტიური დასავლეთი” ან “ოქროს მილიარდი.” ეს ჯგუფები ფარულები და ყოვლისშემძლეები არიან, ისინი საიუდუმლოების ფარდაში არიან გახვეულები, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს ზაზა შათირიშვილს, დუგინს, პატრუშევს, ბიძინას და სხვებს, რომლებიც “თანმიმდევრულად” ამხელენ მათ გეგმებს და წყალში ყრიან

ამ ლოგიკაში არსებობს ხილული, რომელიც ყოველთვის მოჩვენებითია და არსებობს ნამდვილი მიზეზები, ფარული განზრახვები, რომლებიც ყველაფრის უკან დგას. ეს ყველაფერი ერთდროულად იმდენადვე ფარულია რამდენადაც ღია, რადგანაც ამაზე თვითონ ამ დიდი საიდუმლოების ამხსნელები გვამცნობენ. ეს არის აზროვნების პროცესის დაცინვა. მარტივად, რომ ვთქვათ ბიძინას მესიჯი ხალხისადმი შემდეგია: თქვენ ვერ გეცოდინებათ სრული სიმართლე, მაგრამ ჩვენ ვიცით და მოგიყვებით. 

ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში მმართველის პარანოია სახელმწიფო იდეოლოგიად ტრანსფორმირდება. (იხ. თანამედროვე რუსეთი) ეს კონსპიროლოგია კი მოსახლეობის მართვის ინსტრუმენტად იქცევა. როდესაც მოსახლეობა იწყებს მართველისგან ასეთი ახსნების მიღებას, პარალელურად იწყება უსუსურობის განცდის კულტივაცია - თქვენ არ შეგიძლიათ არაფრის შეცვლა, რამეზე გავლენის მოხდენა, თქვენს ქმედებებს აზრი არ აქვს, იმიტომ რო ყველაფერი უკვე გადაწყვიტეს რომელიმე ფარული სექტის ლოჟაში. 

ასეთ მოცემულობაში მმართველი მოქალაქეებს ართმევს სუბიექტურობას, აჯენდას, ისინი ვეღარ განკარგავენ საკუთარ ცხოვრებას და მათი ბედი ჭკვიან და მამაც ბიძინას უნდა მიანდონ, რომელიც გლობალური ბატონების ფარული ზრახვებისგან დაიცავს. 

ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მომდევნო წლების თიზერი. 

ივანიშვილი მომდევნო თვეებს გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევს, ის დარწმუნებულია, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დასავლეთი დამარცხდება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოძრაობის ტრაექტორიაც განსაზღვრული აქვს, ასეთ ვითარებაში კი ივანიშვილისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია საკუთარი ქვეყნის ქონა/ყოლაა, გატეხილი წინააღმდეგობით და დემორალიზებული საზოგადოებით. 

ასეთ ვითარებაში საზოგადოება მეტად არასახარბიელო არჩევანის წინაშე დგება - გაწიოს ფიზიკური წინააღმდეგობა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ან შეეგუოს თავსმოხვეულ ძალადობრივ დღის წესრიგს, უფლებებისა და ღირსების აყრას. რა არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება ამ გსაგასაყარზე მომდევნო თვეებში ვნახავთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა