მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს
მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.
ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება.