უჩა აბაშიძის მეუღლე დააკავეს
სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა.
თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია.
"ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვანეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძეს ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც მისთვის არ გადაუციათ.
"მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ . კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც აქვთ და რომლებსაც სასამართლოში გამოიყენებენ. საქმის მასალები არ გვაქვს, ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა ბრალდებულად ითვლება. რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული. დანარჩენი "airsoft"-ის იარაღებია, რომლის ქონაც არანაირი პრობლემა არ არის. ეს არის გასართობი თოფი. ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ არ არის"- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე შეფასებით, ბრალდებული დაკავებას ბოლო პერიოდში მის აქტიურობას უკავშირებს.