ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა ბალტიის ყველა ქვეყნის პრიორიტეტია - უკრაინის გამარჯვება ჩვენი საერთო მიზანია
უკრაინა ბალტიის ყველა ქვეყნის პრიორიტეტია - უკრაინის გამარჯვება ჩვენი საერთო მიზანია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრისას განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლატვიის პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი, არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმების განსახორციელებლად, არამედ რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეებზეც.
„უკრაინა ბალტიის ყველა ქვეყნის პრიორიტეტია - უკრაინის გამარჯვება ჩვენი საერთო მიზანია. ამავდროულად, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად შეიმჩნევა რუსული ჰიბრიდული ომის სხვადასხვა გამოვლინებები, ლატვიას, ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს მთლიანობაში სჭირდებათ ძალების გაერთიანება და უსაფრთხოების გაძლიერება გრძელვადიანი და კოორდინირებული გზით“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა ბალტიის ქვეყნების მუშაობას უკრაინის დახმარებისთვის სხვა ქვეყნების ჩართულობის თვალსაზრისით.
„უკრაინის გამარჯვება აგრესორ რუსეთზე არის ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნების წინაპირობა. ამისთვის უკრაინამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვნად მეტი სამხედრო მხარდაჭერა და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჩვენ უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ. უკრაინის ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახშია და მას მოუთმენლად ელიან“,- განაცხადა ლანდსბერგისმა.