თეგებით ძიება

"რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს" - რას წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე?

კონსტიტუციური ვახუშტი მენაბდე განმარტავს, თუ რა მოლოდინები შეიძლება მოქალაქეებს ჰქონდეთ ვეტოზე, რომლის გამოყენებასაც პრეზიდენტი აპირებს. კანონი პარლამენტმა გუშინ, 14 მაისს, მესამე მოსმენით მიიღო.

ვახუშტი მენაბდე წერს:

"რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა: “ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ.” ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არამგონია პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.

1. ყოველდღიურობაში რასაც “ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში “მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს “ვეტო”;

2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;

3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;

4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გაანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომელებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;

5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;

6. შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვული;

7. პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს ან არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;

8. ვერც პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლის. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;

9. შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არანაკლებს 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;

10. თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;

11. ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;

12. პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავჯდომარე;

13. ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში.

რომ შევაჯამო: (ა) პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, “კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია” ვერ იტყვის. მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს; (ბ) ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად.

აქვე მგონია, რომ პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არ შესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცილებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა). იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო. მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ “ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი.

ასევე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსალოდნელია, რომ ისიც მოახდენს გავლენას ამ პროცესზე".

მენაბდე წერს, რომ კითხვების შემთხვევაში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში უპასუხებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა