თეგებით ძიება

საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა - პაპუაშვილი პრეზიდენტზე

ქალბატონი სალომე კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმით, ევროპული პლატფორმის შექმნაზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და მას მოსახლეობას წარუდგენს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს „საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა“.

„ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოსგან. მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური, ახლა ის კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარი ზედმეტია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას და მის მოწონებას საზოგადოებაში, არ ვიცი ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა