თეგებით ძიება

„შესაძლოა, თანხა ვერ გადავრიცხოთ ან დამატებითი საბუთები დაგვჭირდეს“ - როგორ აისახება სანქციები მოქალაქეებზე

„აშშ წინასწარ არ აანონსებს, იქნება თუ არა სანქციები ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა სანქციებს წინასწარ არ აანონსებს, გუშინ ჯინ ობრაიენმა განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვალა ეს კანონი, ან დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს „ქართული ოცნება“, მაშინ სანქციები იქნება“. პირველ რიგში, საუბარია ფინანსურ სანქციებზე.

„რას ნიშნავს ფინანსური სანქციები? დღეს ყველაზე მძლავრი იარაღი რაც აქვს დასავლეთს, აშშ-ს და ევროკავშირსაც, ეს არის ფინანსები. ისინი მსოფლიო ფინანსური ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. შესაბამისად, თუ დაუწესებენ ფინანსურ სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის საპატიო თავმჯდომარეს, მათ შეექმნებათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები, მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ძალიან ბევრი ბიზნესმენია და აქვს ფასიანი ქაღალდები დასავლეთში, ეს აქვთ ამ ადამიანებს დასაკარგი“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდება, საქართველოს რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახება. გარდა ამისა, საბანკო და საფინანსო სექტორს, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია, მოუწევთ დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციებს.

„შეილახება მნიშვნელოვნად საქართველოს რეპუტაცია. მოქალაქეებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ან დამატებითი პრობლემები წარმოიქმნება. ქვეყანაში შემცირდება სავალუტო ნაკადები, რაც თავისთავად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას და ვხედავთ, რომ ბოლო 2 დღეა უკვე ნელ-ნელა დაიწყო ლარმა გაუფასურება, რაც გამოწვეული არ არის მაკროეკონომიკური ფაქტორებით, გამოწვეულია უფრო იმ რისკებით, რაც გაჩნდა და დაინახეს ბაზრის მონაწილეებმა.

ამასთანავე, საბანკო სექტორს მოუწევს დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს, რადგან ქართული ბანკები არიან საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი. მათ აქვთ არჩევანი, დაემორჩილონ ეროვნული ბანკის სექტემბრის ბრძანებას ფარცხალაძის გადასარჩენად რომ მიიღო და ჩაეხსნან საერთაშორისო საფინანსო სისტემას ან დარჩნენ სისტემის ნაწილად და შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულად გადაწყვეტენ ქართული ბანკები ამას ისე, რომ დარჩნენ სანქციების რეჟიმში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მეორად სანქციებს საბანკო სექტორის მიმართ და შემდეგ უკვე საბანკო სისტემის ჩამოშლას“, - განმარტა კეპულაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ჩახსნა, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი ხსნის, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სარგებლობს უცხოეთიდან ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვით. საქართველოში არსებული ბანკები გერმანულ და ამერიკულ შუამავალ ბანკებს იყენებენ ევროსა და დოლარის გადასარიცხად, სანქციების შემდეგ საფინანსო სისტემებისგან ჩახსნა გამოიწვევს იმას, რომ მოქალაქეები თანხის გადარიცხვას ან ვერ შეძლებენ, ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევს.

„ქართული ბანკები ევროში გადარიცხვებს აწარმოებენ შუამავალი გერმანული ბანკის დახმარებით, ხოლო დოლარში ამერიკული ბანკის საშუალებით. თუ ბანკები ჩაიხსნებიან და პრობლემა გახდება ამ ბანკებისთვის გადარიცხა აღმოჩნდება ისე, რომ შესაძლოა, თანხა ვერ გადავრიცხოთ ან დამატებითი საბუთები დაგვჭირდეს, მით უმეტეს, ბიზნესისთვის ეს არის სასიკვდილო დარტყმა იმიტომ, რომ ბევრი ქართულ ბიზნეს ექსპორტ-იმპორტი აქვს, მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში და მათ ეს ძალიან გაურთულდებათ.

მთავარი მოქალაქისთვის არის ის, რომ თუ მათ გაუჩნდათ განცდა, რომ რაღაც პრობლემა შეექმნა მათ ფულს სანქციების გამო, რომელიც უდევთ ბანკში, სანქციების არშესრულებას მოჰყვება ის, რომ ბევრი ადამიანი მიადგება ბანკს, რომ მოსთხოვონ მათ საკუთარი ფული. ამას ვერც ერთი ქვეყნის საბანკო სისტემა ვერ გადაიტანს. მე მგონი, ეროვნული ბანკიც კარგად ხვდება, რა საფრთხის შემცველია ეს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, გუშინ, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.

წყარო: bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა