„შავი ოთხშაბათი“ - „დიდი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოინგრეს“
„ყველა იმ კომპანიას, რომლის აქციები ივაჭრება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე და ოპერირებს საქართველოში, „შავი ოთხშაბათი“ გაუთენდა“,- ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. საუბარია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ვარდნაზე, რომელიც დღეს დილიდან დაიწყო. კერძოდ, დღეს "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 16.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.30 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება კი 8.24%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.91 გირვანქა სტერლინგი გახდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება 14.41%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს.
როგორც გიორგი რუხაძე ამბობს, ეს არის გუშინ დაანონსებული სანქციების შედეგი, რაც მეორე დღესვე აისახა საერთაშორისო ბირჟებზე. მისი თქმით, თუ სანქციები ამოქმედდა, დიდია საფრთხე, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.
„ის რაც გუშინ საქართველოში მოხდა, რომ მესამე მოსმენით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დააანონსა სანქციები (თუკი საბოლოოდ მივიღებთ ამ კანონს), როგორც კი დღეს გაიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟა, მაშინვე აისახა ქართული კომპანიების საერთაშორისო კლიენტურაზეც. ეს მხოლოდ „საქართველოს ბანკს“ არ დაემართა, ასე მოხდა „თიბისი ბანკის“ შემთხვევაშიც, უფრო ნაკლები ვარდნით, „ჯორჯიან კაპიტალის“. იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებს საქართველოში და ვაჭრობს საერთაშორისო ბირჟებზე, „შავი ოთხშაბათი“ დაუდგათ დღეს. ბუნებრივია, უფრო მძიმე დარტყმა იქნება, თუ საქართველო მოყვება სანქციებში. ინდივიდები იქნებიან, პარლამენტარები, ივანიშვილი, თუ პრემიერ-მინისტრი, თუ დაასანქცირებენ, ხომ წარმოგიდგენიათ რა დონის რყევა იქნება?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა დგას ისეთ სისტემურ ბანკებზე, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“, ეს არის განუყოფელი ნაწილი დასავლური ფინანსური სისტემის. ანუ ქვეყნის იზოლაციის შემთხვევაში, რასაც ეს კანონი აკეთებს, ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოინგრეს“,- ამბობს გიორგი რუხაძე.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მსხვილი ბიზნესმენების და საფინანსო ინსტიტუტების პოზიცია მათივე კაპიტალის გადასარჩენადაა საჭირო, რომელზეც ასევე, თითოეული მოქალაქის ფინანსებია მიბმული.
„ამ ვითარებაში ბიზნესმენების პოზიცია რომ მნიშვნელოვანი არ იყოს, არც კობახიძე შეხვდებოდა დღეში სამჯერ ბიზნესს და არც ო’ბრაიენი ჩაწერდა თავის ძალიან მოკლე ვიზიტში ბიზნესმენებთან შეხვედრას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესის და განსაკუთრებით სისტემური ბანკების პოზიციას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ არ არიან ქართული კომპანიები, ისინი არიან ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები, მაგრამ ოპერირებენ საქართველოში, აქედან გამომდინარე, მათ საკმაოდ დიდი თავისუფლება გააჩნიათ, ისინი ნაკლებად დამოკიდებული არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, მათი ხმამაღალი სიტყვა მათივე კაპიტალის გადასარჩენად არის მნიშვნელოვანი. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ფინანსური სისტემაც, დიდიც, პატარაც და საშუალო ბიზნესიც , ისევე, როგორც ჩვენი ანაბრები, ფული და ცხოვრება ყველაფერი არის ამაზეა მიბმული. ნეიტრალური ვერავინ დარჩება და ვერც აქედან მოგებული, თუკი ეს ყველაფერი მოხდა და სრულმა პანიკამ მოიცვა საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიქცა. მე ვფიქრობ, მსხვილი ბიზნესი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რაც ახლა ხდება თითოეული ჩვენგანიც, იმიტომ, რომ როგორც „საქართველოს ბანკის“ მილიარდ ლარზე მეტი აორთქლდა, ჩვენი ფულიც აორთქლდება, თუ არ გავაჩერეთ ეს სიგიჟე, რასაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი აკეთებს“- ამბობს გიორგი რუხაძე.
წყარო: bpn.ge