ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ - მეუფე იაკობი
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა. მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.
„თუ შეძლეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ მაგ რუსულის ძახილით, ჩვეულებრივი ტერორი შეუძლიათ აწარმოონ და ეს კანონის სახელით მოხდება. ამიტომ ამაზე რაიმე დათმობა არ შეიძლება. ახალგაზრდებთან საუბარი აუცილებელია და მიხარია, რომ პრემიერმა გამოთქვა სურვილი ახალგაზრდებთან საუბრის. ახალგაზრდები უნდა დაელაპარაკონ, რადგან თუ შევხედავთ, რომ ახალგაზრდები მართლები არიან, რა თქმა უნდა, უფროსი თაობა ყოველთვის დავეთანხმებით იმას, რაც მართალია. უნდა მივიღოთ ის, რაც მართალია და არა ის, რასაც უცხოეთიდან მოგვიწოდებენ“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
მან ასევე ისაუბრა გარკვეულ ჯგუფებზეც, რომლებსაც მაიდნის მოვლენების განვითარება სურთ საქართველოში.
„ცდილობენ, რომ ვიღაც დაშავდეს და ჩვენ არ გვინდა, რომ საერთოდ ვინმე დაშავდეს, არავინ უნდა დაშავდეს. მაიდნის განმეორების შანსი არ აქვთ, რადგან უცხოეთმა ამათ მხარი რომ დაუჭიროს, იმდენი ხალხია, რომელიც ამათ მხარს არ უჭერს. ახალგაზრდებს ჩვენ აბსოლუტურად სიფრთხილით ვუყურებთ.
მინდა, ახალგაზრდებმა ერთი რამ გაითვალისწინონ. იძახიან „რუსული კანონი, რუსული კანონი“ - დიდი ბოროტებაა, ამას რომ იძახიან. რატომ არის რუსული და რატომ არ არის ქართული, ამერიკული ან რატომ ადარებენ მაინც და მაინც რუსეთს? რუსეთს სისხლის სამართლის კანონმდებლობაც აქვს და ჩვენიც რუსულია?! ერთი რამ იცოდნენ, რომ დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვები. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.