რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უმჯობესდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ რობერტ ფიცოს მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს.
„დღევანდელი სამედიცინო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ის კლინიკურად უმჯობესდება, შეუძლია კომუნიკაცია და ანთებითი ნიშნები ეტაპობრივად მცირდება. პრემიერ-მინისტრი ჩვენი ყურადღების ქვეშ რჩება“, – ნათქვამი ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს განცხადებაში.
ვიცე-პრემიერის რობერტ კალინაკის განცხადებით, ფიცოს სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია იმისთვის, რომ ის ბრატისლავას საავადმყოფოში გადაიყვანონ.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი მატუშ შუტაი ეშტოკი აცხადებს, რომ შეიქმნა საგამოძიები ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, მოქმედებდა თუ არა ეჭვმიტანილი მარტო.
პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის, ამ ეტაპზე, 71 წლის მამაკაცია დაკავებული. საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დაადგინონ, მოქმედებდა თუ არა დაკავებული მარტო.
დაკავებული მამაკაცს, ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი იყო და გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს და ამოიღეს პერსონალური ნივთებიც. ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპელი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა სცადეს, რაც მათი თქმით, სლოვაკეთში არსებულ ღრმა პოლიტიკურ განხეთქილებაზე მიუთითებს.