აშშ-ის მთავრობამ Neuralink-ს მეორე მოხალისისთვის ჩიპის ჩანერგვის ნებართვა მისცა
ილონ მასკის კომპანიამ Neuralink აშშ-ის საკვებისა და წამლის კონტროლის სამმართველოსგან მეორე მოხალისისთვის თავის ტვინში ჩიპის ჩანერგვის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Neuralink-მა ადამიანს ჩიპი პირველად იანვრის ბოლოს ჩაუნერგა. მოხალისე ნოლან არბო მხრებს ქვემოთ არის პარალიზებული. მარტში კომპანიამ აჩვენა თუ როგორ თამაშობს კაცი ონლაინ-თამაშებს აზრის ძალით. თუმცა შემდეგ არბომ მოწყობილობის მუშაობაში შეფერხებები შენიშნა.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ჩიპის 64 ელექტროდიდან უმეტესობამ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სიგნალების წაკითხვა შეწყვიტა. არბოს თქმით, მან ეს ცვლილებები ძალიან მძიმედ მიიღო და კომპანიას ჩიპის შეცვლა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. მოგვიანებით, Neuralink-მა მოწყობილობის მუშაობის ალგორითმის შეცვლა და ადგილზე დარჩენილი ელექტროდების მგრძნობიარობის გაძლიერება მოახერხა, რითაც ჩიპის მუშაობა გააუმჯობესა.
ახლა კომპანია გეგმავს, მეორე მოხალისეს ჩიპი ტვინშიუფრო ღრმად ჩაუნერგოს, რათა ამ პრობლემის გამეორება აიცილოს თავიდან. არსებული ინფორმაციით, ოპერაციის ჩატარება ივნისში იგეგმება. ამასთან, პაციენტების რეესტრში უკვე 1000-ზე მეტი პარალიზებული მოხალისეა ჩაწერილი. მასკის კომპანია წლის ბოლომდე 10 ასეთი ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.