შეერთებული შტატები ოფიციალურ მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათი დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო - მეთიუ მილერი
ვაშინგტონი ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განუცხადა.
"შეერთებული შტატები ოფიციალურ მწუხარებას გამოთქვამს ირანის ჩრდილო-დასავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ამირ-აბდულაჰიანის და მათი დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო. ახლა, როდესაც ირანი ახალ პრეზიდენტს ირჩევს, ჩვენ ირანელი ხალხის და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებისთვის მათი ბრძოლის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, - აღნიშნა მილერმა.
ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.